ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე Home »

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირების მიერ სტუდენტის სტატუსის მოპოვება

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა დასაშვებია:

ა) აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

ბ) სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

გ) პირებისათვის (გარდა ერთობლივი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2. პირს უფლება აქვთ აკადემიის სტუდენტის სტატუსის მოპოვების მიზნით სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე მისი მიღების შესაძლებლობის თაობაზე წერილობითი თანხმობის მისაღებად განცხადებით მიმართონ აკადემიას საქართველოში ბოლო ჩამოსვლიდან 2 წლის განმავლობაში.

3. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ყველა გვერდის ასლი;

ბ) უცხო ქვეყანაში ბოლო 2 წლის ან მეტი წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ბ.ა. უცხო ქვეყანაში რეგისტრაციის დოკუმენტი;

ბ.ბ. საკონსულო აღრიცხვის დოკუმენტი;

ბ.გ. ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ადასტურებს პირის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს.

გ) წარმომადგენლის მიერ დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში – მინდობილობა.

დ) დაერთოს სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ე)  უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.

5. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

6. განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრება გონივრული ვადა, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.

7. თუ განმცხადებელი დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, აკადემია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

8. დირექტორი განცხადებას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე მისი მიღების შესაძლებლობის თაობაზე წერილობითი თანხმობის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ;

9. აკადემია იტოვებს პირის განცხადებას და მიღების შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად, წარმოდგენილ დოკუმენტებს უბრუნებს განმცხადებელს, ხოლო ასლების ნამდვილობას ადასტურებს დადგენილი წესით და იტოვებს პირადი საქმისთვის;

10. პირისათვის სტუდენტის სტატუსის მინიჭების საფუძველია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აბიტურიენტის/სტუდენტის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე დაწესებულებაში სწავლის თაობაზე.

11. თანხმობის შემდეგ აკადემიის უფლებამოსილი წარმომადგენელი ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებს უგზავნის მოწვევას კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.