კონკურსის ,,S B A   ჩემს  ცხოვრებაში” გამარჯვებული გამოვლინდა

კონკურსის ,,S B A   ჩემს  ცხოვრებაში” გამარჯვებული გამოვლინდა

👉საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში გამოცხადებული იყო კონკურსი აკადემიის სტუდენტებისთვისა და კურსდამთავრებულებისთვის სახელწოდებით ,,SBA ჩემს ცხოვრებაში”.
‼ კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსო პირობების დაცვით წარმოადგინეს ნაშრომები.
‼ სპეციალურად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ განიხილა წარმოდგენილი ნაშრომები და გამოავლინა გამარჯვებული.
✍️კონკურსში გაიმარჯვა საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის ნინო ღონიაშვილის ჩანახატმა.
👉კონკურსის პირობების შესაბამისად გამარჯვებულ სტუდენტს გადაეცემა სტიპენდია სასწავლო წლის განმავლობაში.
👉აკადემია მადლობას უხდის კონკურსის ყველა მონაწილეს წარმოდგნილი საინტერესო ნაშრომებისთვის და უსურვებს წარმატებებს.

 

გამარჯვებული ჩანახატი

ნინო ღონიაშვილი

საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი

 

S B A   ჩემს  ცხოვრებაში

 

უხალისოდ ავიზლაზნე და ტელევიზორი ჩავრთე. ვიცოდი, ლურჯი ეკრანიდან ისევ შიშის, პანიკისა და უიმედობის მომგვრელი ინფორმაცია უნდა გამეგო…გადავხედე მობუზულ ოჯახის წევრებს, ისე მოსაღამოვდა ვერც კი მივხვდი, როდის იყო დილა…ბავშვები უიმედოდ გასცქეროდნენ ფანჯრიდან ნაცრისფერ ქუჩას…არავინ არ ჩანდა…გარეთ საშინელებათა ფილმის სცენარი მზადდებოდა თითქოს. ისევ მე უნდა „შემომელაწუნებინა“ ჩემი თავისთვის. მე უნდა მიმეცა იმედი პატარებისთვისაც და ოჯახის სხვა წევრებისთვისაც, მაგრამ თითქოს სადღაც უიმედობის ფსკერზე ვიჯექი, საიდანაც ამოსავალი არ ჩანდა და სადაც გავიხედავდი, ყველგან პანდემია დააბიჯებდა დიდი,საზარელი ნაბიჯებით. ბაბიმ რაღაც “ლინკი” გამომიგზავნა “მესენჯერში”. უხალისოდ გავხსენი. ალბათ ისევ  კოვიდ 19-ზე იქნება რამე…

ჰოი საოცრებავ!!! კოვიდზე კიარა, რაღაც სასწავლებელზეა…მიღება იწყებაო…მაგრამ მე რა? ჩავაბარებდი, მაგრამ, როგორ ვივლი? ალბათ გადასახადიც სოლიდური იქნება… ონლაინიო? სახელმწიფო დაფინანსებითო? რა მაგარიაა!!! აუ არაა, მე რას ჩავაბარებ აქ…ამდენი წლის მერე…

-მიდი! სცადე! რას კარგავ?-არ ნებდებოდა ბაბი…

-ისე,  ჩემზეა ზედგამოჭრილი-გავიფიქრე და გადავხედე პირგამოტენილ დათის და დემეს.

-დათი, გინდა ექთანი დედიკო?

-კი-თავს მიქნევს დათი-მაგრამ კორონა რომ არის დედიკო?-როგორც იქნა ჩაყლაპა და მოიცალა სასაუბროდ…

-საავადმყოფოში უნდა იმუშავო? სად უნდა იარო? როდის უნდა იარო? ჩვენ სად ვიქნებით? -ყველა კითხვა ერთდროულად მომაყარა.

შემეზარა უცებ ყველაფერი…უცებ, რაღაცნაირად მოვდუნდი, მაგრამ ისევ „შემოვულაწუნე“ ჩემს თავს, გავიხადე ხალათი, მოვიხსენი წინსაფარი, დავიბანე ფქვილიანი ხელები და ერთ მშვენიერ დღესაც მივადექი SBA-ს კარს…აქედან დაიწყო საოცარი ამბები ჩემს ცხოვრებაში.

ახალი ადამიანები, ახალი იდეები, ახალი იმედები, თანადგომა, მეგობრობა…ბებო სინანულით აქნევს თავს, გათხოვილი ქალი…ორი შვილის დედა…წავიდა ხელიდან…სულ ტელეფონშია…ბებოს არ ესმოდა მაშინ, რას ნიშნავს ვირტუალური ლექცია, ვირტუალური მეგობრები, ყოველდღიური, ერთნაირი ყოფითი ცხოვრებიდან, რომელსაც 4 კედელში გამომწყვდეული, შეშინებული ოჯახის წევრები შეადგენენ, უცებ ხმაურიან, შეშინებულ, მაგრამ იმედისმომცემ აუდიტორიასთან კონტაქტი. ლექტორები, ჯგუფელები, რომლებთანაც დღეში მინიმუმ 5 საათი კონტაქტობ ლექციაზე და არამარტო ლექციაზე…რომლებიც არასოდეს გინახავს…ერთად სწავლობთ, ერთად ხუმრობთ, კამათობთ, ქეიფობთ, შატალოებსაც კი აკეთებთ და ყველაფერი online.

ჩემს ცხოვრებაში უდიდესი აფეთქება მოხდა, რომელმაც 180 გრადუსით შემცვალა და საერთოდ სხვა თვალით დამანახა სამყარო. მყავდა საყვარელი ლექტორები, რომლებიც არასოდეს მენახა. ახლა ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მაშინ ეს ფანტასტიკას ჰგავდა. ვდგებოდი დილის 5 საათზე, რომ თუნდაც 2 საათით მქონოდა დრო და რაღაც მესწავლა, მეორე წელია მე და SBA ერთად მოვდივართ, მეორე წელია ჩემს ცხოვრებაში კოსმოსური სიჩქარით ვითარდება მოვლენები. მივხვდი,რომ ოჯახის წევრების გარდა, სხვისთვისაც შემიძლია სარგებლობის მოტანა. კლინიკაში სიარულმა დამანახა რამხელა ბედნიერებაა ადამიანების დახმარება. ყველაზე მეტად ის შეგრძნება მიყვარს, როცა პაციენტი შვებას გრძნობს, როცა მადლიერი თვალებით გიყურებს და გეუბნება, რომ შენ მისთვის ექიმიც ხარ, ექთანიც და მფარველი ანგელოზიც,  რომ შენ მისი გადამრჩენელი ხარ.  ამ დროს შენ უბრალოდ ექთნის დამხმარე ხარ,  დაბალი პოზიციის წარმომადგენელი ვიღაცისთვის, მაგრამ მფარველი ანგელოზი-მისთვის. უფრო მეტად ის შეგრძნება შემიყვარდა, როცა აჯუჯღუნებულ, ეჭვიან და ბრაზიან პაციენტს გადააქცევ თბილ, ღიმილიან ადამიანად, რომელიც ნელნელა შვებით, იმედით და ნდობით ივსება. ბედნიერებას მანიჭებს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც ამ გრძნობებს მაზიარა, ჩემი პირადი მედიცინის დედა მყავს, ადამიანი რომელმაც ამ სფეროში გამაჩინა, რომელმაც ერთხელაც მითხრა, რომ რაც უფრო მეტად გავეცნობოდი მედიცინს სფეროს, მით მეტად ვირწმუნებდი უფლის. მაშინ გამეცინა…ჩემს რწმენაში კლინიკა ღმერთისგან მიტოვებული ადგილი იყო, მაგრამ თურმე არიან ადამიანები, ვის გამოც ღმერთი შეიხედავს ხოლმე ამ ცივ და უსიცოცხლო კედლებში, რომ სითბო, სინათლე და იმედი აჩუქოს იქ მყოფ ადამიანებს.

SBA-ს წყალობით გავიცანი თანამოაზრეები, ადამიანები, რომლებიც მზად არიან უკეთესობისკენ შეცვალონ სამყარო… ორი წლის წინ ტელევიზორის ცისფერ ეკრანთან ხალათში გახვეული, უიმედო, ნაცრისფერ ქუჩებს მიჩერებული, მომავლის შიშით შეპყრობილი ქალი, რომლსაც ფიქრისაც კი ეშინოდა, რა იქნება ხვალ?…დღეს სამსახურში ზის და ამ ჩანახატს, ესეს თუ რაც გინდათ უწოდეთ, წერს. იმ სამსახურში,რომელშიც იმის გამო აიყვანეს, რომ საექთნო საქმის სტუდენტია SBA-ში, რომელიც გახდა აქტიური, მებრძოლი და რაც მთავარია, მომავლის იმედით სავსე. თუ მკითხავთ, რა შეცვალა SBA-მ შენს ცხოვრებაშიო, გიპასუხებთ რომ  ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი.

 

კომენტარები

კომენტარი