დირექტორი (რექტორის მოვალეობის შემსრულებელი)
გმადლობთ რომ გამონახეთ დრო და ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს.
საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA, 2010 წელს შეიქმნა ისეთი ადამიანების ინიციატივით, რომლებსაც საქართველოსა და უცხოეთში წარმატებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.
ჩვენ, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმატების მთავარ კრიტერიუმად, ჩვენი კურსდამთავრებულების პიროვნულ და პროფესიულ წარმატებებს მივიჩნევთ და ვამაყობთ ამით. ჩვენი ერთობლივი წარმატებისათვის ოთხი მთავარი წინაპირობა არსებობს: საუკეთესო, კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო პროგრამები, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, პროფესიონალი, გამოცდილი და აღიარებული მასწავლებლები და კარგი მენეჯმენტი. ვფიქრობთ, ამ მხრივ ჩვენ შეგვიძლია საზოგადოებისათვის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი საუკეთესო სერვისის შეთავაზება.
იმისათვის, რომ იყოთ წარმატებული თანამედროვე, დინამიურ და სწარაფად განვითარებად ბიზნეს-გარემოში, მხოლოდ პროფესიის ცოდნა არ კმარა. მნიშვნელოვანია სტუდენტების პიროვნული თვისებების, ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება, რაც მიმართულია ცვლილებებთან ადაპტაციის უნარების გამომუშავებისაკენ.
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პოტენციურ დამსაქმებლებთან და პროფესიულ ასოციაციებთან, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისას ვითვალისწინებთ მათ სპეციფიკას, მოთხოვნებსა და საჭიროებებს, რაც კურსდამთავრებულთა წარმატებული დასაქმების აუცილებელი წინაპირობაა.
ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და განვითარების ჩვენეული ხედვა, გადმოცემულია დაწესებულების მისიაში, ფასეულობათა სისტემასა და განვითარების გეგმებში, რომელთა შექმნის პროცესში დაწესებულების თითქმის ყველა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, თუკი თქვენს არჩევანს ჩვენზე შეაჩერებთ. ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას უშურველად მოვახმართ თქვენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. გაატარეთ სწავლის პერიოდი ჩვენთან, გახდით SBA-ს დიდი ოჯახის წევრი და ერთად ვიზრუნოთ თქვენი, ჩვენი და ქვეყნის საერთო წარმატებისათვის.
პატივისცემით,
ია ერაძე