პროფესიული სტუდენტის უფლებები, მოვალეობები და გარანტიები
- პროფესიული სტუდენტი ვალდებულია:
1.1 პატივი სცეს დაწესებულებას, სადაც იგი ცოდნას და უნარებს ეუფლება;
1.2 ისწავლოს და მონაწილეობა მიიღოს ჩატარებულ კვლევებში;
1.3 დაიცვას შინაგანაწესი და დაწესებულებაში მოქმედი სხვა მარეგულირებელი აქტების მოთხოვნები;
1.4 ხელი შეუწყოს დაწესებულების ავტორიტეტის ამაღლებას;
1.5 სრულად დაფაროს სწავლის საფასური სასწავლო პროცესის დაწყებამდე ან შეთანხმებული სხვა პირობებით;
1.6 სრულად აითვისოს შესაბამისი პროგრამის დასრულებისთვის განსაზღვრული კრედიტები დაწესებულების მიერ დადგენილ ვადებში და პირობებით;
1.7 გაუფრთხილდეს და დაზიანებისაგან დაიცვას დაწესებულების კუთვნილი წიგნები, სასწავლო ინვენტარი, შენობა და სხვა ქონება. დააბრუნოს დაწესებულებიდან გატანილი წიგნები და სხვა ქონება ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით. საკუთარი ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში, სრულად აანაზღაუროს მიყენებული ზარალის ღირებულება დაწესებულების მიერ დადგენილი ოდენობით და წესით;
1.8 არ შეუქმნას საფრთხე სხვათა ჯანმრთელობას და არ დააბრკოლოს სხვათა უფლებების განხორციელება;
1.9 შეთანხმებულ ვადებში, სრულად დაფაროს დაწესებულების მიმართ წარმოშობილი ნებისმიერი ფინანსური დავალიანება;
1.10 თვითონვე უზრუნველყოს სასწავლო პროცესი ინდივიდუალური მოხმარების საგნებით და ინვენტარით (კალამი, რვეული, საკანცელარიო ნივთები, პირადი დაცვის საშუალებები და სხვა), დაწესებულება არ უზრუნველყოფს სასწავლო მასალების (გარდა საბიბლიოთეკო რესურსებისა)უფასოდ გადაცემას გარდა იმ მასალებისა, რაც დაწესებულების სარეკლამო მიზნებს ემსახურება;
1.11 დაწესებულებასა და პროფესიულ სტუდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ხელმომწერი (სტუდენტი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში-მისი წარმომადგენელი) ვალდებულია ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს დაწესებულების ადმინისტრაციას პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
1.12 ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ხელშეკრულების ხელმომწერი ვალდებულია გადაიხადოს პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის მომენტისათვის (განცხადების რეგისტრაციის თარიღი ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღი) ბუღალტრულად მასზე დარიცხული ფინანსური დავალიანება.
1.13 შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობითა და დაწესებულების შიდა მარეგულირებელი აქტებით. - პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს:
2.1 დაწესებულებისგან მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი, ხარისხიანი და სრულყოფილი საგანმანათლებლო მომსახურება;
2.2 მოითხოვოს სტუდენტური სერვისების თანაბარი და გონივრულ ვადებში ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
2.3 დაწესებულებისაგან მიიღოს შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა (სტიპენდია, ფინანსური დახმარება/სწავლის საფასურის გადახდის შეღავათიანი გრაფიკი სოციალურად მოწყვლადი სტუდენტებისათვის, სტუდენტური ინიციატივების რეალიზება და მათ მიერ შემუშავებული მასალების გამოცემაში დახმარება), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
2.4 დაწესებულების შიდა მარეგულირებელი აქტებით დადგენილი წესით, ისარგებლოს დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ბიბლიოთეკით, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
2.5 არჩეულ იქნას სტუდენტების წარმომადგენლად დაწესებულების მართვის ორგანოებში, დაწესებულების შიდა მარეგულირებელი აქტებით გათვალისწინებული წესით, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
2.6 თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
2.7 საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და დაწესებულების შიდა მარეგულირებელი აქტების შესაბამისად, შეიწყვიტოს ან შეიჩეროს პროფესიული სტუდენტის სტატუსი, ისარგებლოს მობილობის უფლებით;
2.8 დაასრულოს ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც ჩაირიცხა.
2.9 საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მოითხოვოს აღდგენა მოქმედი კანონმდებლობითა და დაწესებულების შიდა მარეგულირებელი აქტებით დადგენილი წესით.
2.10 ისარგებლოს სტუდენტის იმ უფლებებით, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობითა და დაწესებულების შიდა მარეგულირებელი აქტებით.