საქართველოს ბიზნესის აკადემია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ინკლუზიური განათლების პროექტს წელსაც აგრძელებს.
პროექტი სახელწოდებით „პროფესორ ტატა წილოსანის სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების საშაბათო სკოლა“ აკადემიის ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლის ეგიდით ჩატარდა.
აღნიშნულ პროექტს ყოველწლიური ხასიათი მიეცა და მიზნად ისახავს ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებში კომპიუტერული უნარების ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას.
პროექტის ფარგლებში ოთხი სმენადაქვეითებული 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლე გადამზადდა. აკადემიამ უზრუნველყო სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტებისათვის შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსის გამოყოფა, რის საფუძველზეც სტუდენტებმა შეისწავლეს ვებ-დიზაინის სასერტიფიკატო პროგრამა.
პროექტის დასასრულს შედგა მოსწავლეთა მიერ მომზადებული ვებ-გვერდების პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური პროფესიული განათლების პროექტის მენეჯერი, ქალბატონი ნინო ტაბიძე და 203-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნინო მეტრეველი, ასევე, მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და აკადემიის სტუდენტები დაესწრნენ.
კურსდამთავრებულებს შესამაბისი პროგრამის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
„მოხარული ვარ, რომ ღონისძიებამ ყოველწლიური სახე მიიღო და საშუალება გვაქვს შშმ პირების საზოგადოებასთან ინტეგრირებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ეს არ არის პროექტი პროექტისათვის, ვინაიდან ჩვენ ენერგიას არ დავიშურებთ აღნიშნული მოსწავლეებით დამსაქმებელთა დაინტერესებისთვის.“ – განაცხადა დირექტორმა, ქალბატონმა ია ერაძემ