15 ფაქტი სასწავლო პროცესის შესახებ (სარჩევი)
რა შემთხვევაშია სავალდებულო სასწავლო პროცესის დაწყება ქართული ენის მოდულით
ვის ეხება ეს?
- თუ არაქართულენოვან სკოლაში ან პროგრამაზე სწავლობდი;
- თუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე შესარჩევი ეტაპი რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე გაიარე;
- თუ არ გაქვს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რა უნდა იცოდე?
- ასეთ შემთხვევაში, სასწავლო პროცესი იწყება ქართული ენის (A2/B1) მოდულით, რაც დაგეხმარება აკადემიურ და პროფესიულ გარემოში ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესებაში.
- თუ ფიქრობ, რომ უკვე ფლობ ამ დონეს, გაქვს 10 სამუშაო დღე განცხადების შესატანად, რათა დაადასტურო ქართული ენის ცოდნა აკადემიის მიერ განსაზღვრული შეფასების პროცედურის მიხედვით.
- თუ წარმატებით დაადასტურე ქართული ენის ცოდნის დონე, შეგიძლია აღნიშნული მოდულის გავლის გარეშე დაიწყო პროფესიის დაუფლება.
ეს წესი არ ვრცელდება უცხოენოვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
პრაქტიკული კომპონენტის განხორციელება
პრაქტიკა შენი პროფესიული განათლების განუყოფელი ნაწილია, რომელიც გეხმარება თეორიული ცოდნის რეალურ სამუშაო გარემოში გამოყენებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში. ეს არის შენი შესაძლებლობა, გახდე პროფესიონალი, გაიაზრო პროფესიის სპეციფიკა და მოემზადო მომავალი კარიერისთვის.
როგორ ხორციელდება პრაქტიკა?
- პრაქტიკის დაწყებამდე განისაზღვრება, რომელ კომპანიაში გაივლი პრაქტიკას;
- შენს განრიგში ზუსტად იქნება მითითებული პრაქტიკის პერიოდი და დრო;
- იქ დაგეხმარებიან საჭირო უნარების განვითარებაში;
- პრაქტიკის განმავლობაში შენს საქმიანობას აკვირდება პრაქტიკის კოორდინატორი, რომელიც მონიტორინგს უწევს პროცესს;
- მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის გამოცხადდე განსაზღვრულ დროს და შეასრულო პრაქტიკის ობიექტის მიერ განსაზღვრული დავალებები.
დისტაცნიური სწავლება აკადემიაში – გაიგე ყველაფერი, რაც უნდა იცოდე!
აკადემია MS Teams პლატფორმას იყენებს, როგორც დისტანციური სწავლების ოფიციალურ არხს. ყველა ონლაინ მეცადინეობა ტარდება ამ პლატფორმაზე, რომელიც საშუალებას გაძლევს, ნებისმიერი ადგილიდან ჩაერთო სასწავლო პროცესში, მიიღო ცოდნა და აქტიურად ითანამშრომლო მასწავლებლებთან.
დისტანციური სწავლება ნიშნავს მეტ თავისუფლებას, მაგრამ, ასევე, მოითხოვს მეტ ორგანიზებულობასა და პასუხისმგებლობას! ამისთვის საჭიროა რამდენიმე წესის დაცვა:
სასწავლო პროცესში აქტიური მონაწილეობა
- ონლაინ გაკვეთილებზე რეგულარული დასწრება – არ გამოტოვო შეხვედრები და იყავი სრულად ჩართული.
- დისკუსიებში და ჯგუფურ აქტივობებში ჩართვა – გუნდური მუშაობა ცოდნის გაღრმავებაში დაგეხმარება.
- კითხვების დასმა და უკუკავშირის მოთხოვნა – არ შეგეშინდეს აზრის გამოთქმის, ეს დაგეხმარება უკეთესად აითვისო მასალა.
დროის მართვა და ორგანიზებულობა
- დროულად ჩაერთე მეცადინეობაზე, რათა არ ჩამორჩე მასალას.
- გაანაწილე დრო დავალებებისა და სწავლისთვის – იყავი ორგანიზებული!
- ასინქრონული მასალების რეგულარული გაცნობა – გაიმეორე, გადაამუშავე და გააძლიერე შენი ცოდნა.
ტექნოლოგიური მზაობა
- შეარჩიე შესაბამისი ტექნიკა – MS Teams-ის პლატფორმაზე შესვლისთვის საჭიროა კომპიუტერი, ტაბლეტი ან სმარტფონი და სტაბილური ინტერნეტკავშირი.
- შეისწავლე პლატფორმის ფუნქციები – იცოდე, როგორ ჩართო მიკროფონი, ვიდეო და როგორ გამოიყენო ჩატი.
- ტექნიკური პრობლემების წამოჭრისას დროულად დაუკავშირდი კოორდინატორს – უკეთესი გამოცდილებისთვის.
აკადემიური კეთილსინდისიერება
- იყავი დამოუკიდებელი – პლაგიატი და სხვისი ნაშრომის კოპირება დაუშვებელია.
- თვითონ იმუშავე დავალებებზე – ეს შენი ცოდნის გაღრმავებაში დაგეხმარება.
ეთიკა და კომუნიკაციის კულტურა
- პატივისცემით მოეპყარი მასწავლებლებსა და თანაჯგუფელებს.
- ონლაინ ეტიკეტის დაცვა მნიშვნელოვანია:
- ჩართე ვიდეო-კამერა და მიუთითე შენი ნამდვილი სახელი და გვარი.
- არ ჩაწერო ან გაავრცელო ვიდეო/აუდიო ნებართვის გარეშე.
- ჩაცმულობა და ფონი უნდა იყოს შესაფერისი სასწავლო პროცესისთვის.
- მიკროფონი ჩართე მხოლოდ მაშინ, როცა საუბრობ.
აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა
- გქონდეს რეგულარული კომუნიკაცია მასწავლებლებთან
- თუ რამე არ გესმის, დროულად ჰკითხე – პრობლემა ადრეულ ეტაპზე გადაჭერი.
- გუნდის პროექტებში იმუშავე პასუხისმგებლობით – გუნდური მუშაობა ერთ-ერთი მთავარი უნარია!
ციფრული უნარების განვითარება
- ისწავლე ახალი ტექნოლოგიები და პლატფორმები – ეს მომავალში გამოგადგება.
- განავითარე ინფორმაციის მოძიებისა და ფილტრაციის უნარი – გახდი უფრო დამოუკიდებელი სწავლაში.
მეცადინეობებზე დასწრების მონიტორინგი
მეცადინეობებზე დასწრება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. არასრულწლოვან სტუდენტთა მეცადინეობებზე დასწრებას მასწავლებელი აღრიცხავს, ხოლო, აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური პერიოდულად ახორციელებს დასწრების მონიტორინგს.
დასწრების რეგულარული მონიტორინგი ხელს უწყობს სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვას და უზრუნველყოფს შენს სრულ ჩართულობას სასწავლო პროცესში. ამიტომ, არ დაგავიწყდეს, დროულად ჩაერთო მეცადინეობებში და დაიცვა სასწავლო განრიგი!
პროფესიული სტუდენტის შეფასების 5 პრინციპი, რომელიც უნდა იცოდე
აკადემიაში შენი შეფასების სისტემა რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს ემყარება, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ შენი ცოდნა და უნარები სწორად და სამართლიანად შეფასდეს.
- ვალიდურობა – შეფასების ინსტრუმენტები შესაბამისი იქნება იმ სწავლის შედეგებისა, რომლებიც უნდა დაადასტურო.
- სანდოობა – შენი შეფასება დაეფუძნება რეალურ მტკიცებულებებს. ეს ნიშნავს, რომ შეფასების შედეგი უნდა იყოს გამყარებული კონკრეტული მიღწევებითა და ფაქტებით.
- გამჭვირვალობა – შენ წინასწარ გეცოდინება შეფასების პროცესი, პირობები, მოთხოვნები და ყველა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ყველაფერი იქნება ნათელი და გასაგები, რათა იცოდე, როგორ უნდა მოემზადო და რას უნდა ელოდო.
- სამართლიანობა – ყველა სტუდენტი იქნება შეფასებული თანაბარ პირობებში. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება დრო, გარემო და საჭირო რესურსები, რათა ყველას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა თავისი ცოდნისა და უნარების წარმოსაჩენად.
- ობიექტურობა – ერთნაირი პირობები და კრიტერიუმები, ერთნაირი შეფასება! იმავე შედეგებისთვის ყველა სტუდენტი ერთნაირად ფასდება, რაც უზრუნველყოფს შეფასების სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას.
შენი ცოდნა და უნარები მნიშვნელოვანია! ამიტომ, შეფასების სისტემა ისეა მოწყობილი, რომ თითოეული შეფასება იყოს სამართლიანი, სანდო და შენს რეალურ შესაძლებლობებზე მორგებული.
როგორ ფასდება შენი ცოდნა და უნარები აკადემიაში?
შენი შეფასების შედეგი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად აჩვენებ მოდულის ფარგლებში მიღებულ ცოდნასა და უნარებს. შეფასების მიმართულება მოდულების მიხედვით შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მათ შორის, შეიძლება შეფასდე:
- პრაქტიკული დავალებებით, რომლებიც პროფესიული განათლების მასწავლებლის დაკვირვებას მოითხოვს – რომელიც პროცესზეა ორიენტირებული, სადაც შემფასებელი უშუალოდ აკვირდება შენ მიერ შესრულებილ მოქმედებას;
- პრაქტიკული სამუშაოებით – შემფასებელი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ შედეგს – შენ მიერ შესრულებულ დავალებას ამოწმებს;
- ტესტებითა და წერილობითი დავალებებით – თეორიული ცოდნის დასადასტურებლად.
მიღწეული სწავლის შედეგები ფასდება არადიფერენცირებულად, რაც ნიშნავს, რომ შენი შედეგი არ გამოიხატება ქულებით ან შეფასებითი კატეგორიებით (მაგალითად, A, B, C, D, F ან 100-ქულიანი სისტემა), არამედ, სწავლის შედეგის მიღწევა დგინდება „დადასტურდა“ ან „ვერ დადასტურდა“ პრინციპით:
- „დადასტურდა“ – როცა შენი შედეგი აკმაყოფილებს მოთხოვნებს ან
- „ვერ დადასტურდა“ – როცა შენი შედეგი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და საჭიროა განმეორებითი შეფასება.
თუ ვერ დაადასტურე სწავლის შედეგები, არ ინერვიულო – გექნება განმეორებითი შეფასების შესაძლებლობა. შენ გაქვს უფლება, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვო დამატებითი ან განმეორებითი შეფასება, თუ ვერ ესწრები ძირითად შეფასებას ან მიიღე არადამაკმაყოფილებელი შედეგი .
როგორ ფასდება შენი ცოდნა და უნარები, თუკი ინტეგრირებულ ზოგად მოდულებსაც სწავლობ?
ინტეგრირებული ზოგადი მოდულების ფარგლებში შენი ცოდნა და უნარები სოლო ტაქსონომიით ფასდება, რაც გულისხმობს შენი პროგრესისა და აკადემიური მიღწევების ჰოლისტურ შეფასებას.
როგორ ხდება შეფასება?
• გამოიყენება კომპლექსური დავალებები, რაც ნიშნავს, რომ არ გიწევს ცალკე ტესტების შესრულება – ყველა დავალება დაკავშირებულია რეალურ ამოცანებთან.
• თუ ყველა კომპლექსური დავალება წარმატებით გექნება შესრულებული, შენი შედეგი მიიჩნევა „დადასტურებულად“.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპლექსური დავალება ვერ შეასრულე:
• დამატებითი შეფასება – შეგიძლია თავიდან წარადგინო იგივე დავალება და დაამტკიცო შენი ცოდნა.
• განმეორებითი შეფასება – თუ საჭიროა, მასწავლებელი მოგცემს ახალ დავალებას, რომლის შესრულებაც მოგიწევს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.
შენ გაქვს უფლება, გაასაჩივრო შეფასების შედეგი!
თუ ფიქრობ, რომ შენი შეფასების შედეგი არ ასახავს, რეალურად, შენს მიღწევებს, ან შეფასების პროცედურა არ იყო გამჭვირვალე და სამართლიანი, შეგიძლია, გაასაჩივრო და მოითხოვო საკითხის გადახედვა.
რა შეგიძლია გაასაჩივრო?
- შეფასების შედეგი – თუ მიიჩნევ, რომ მიღებული შედეგი არ შეესაბამება შენ მიერ ნაჩვენებ ცოდნასა და უნარებს.
- შეფასების პროცედურა – თუ ფიქრობ, რომ შეფასების პროცესი არ განხორციელდა წესების სრული დაცვით ან რაიმე სახის დარღვევა მოხდა.
როგორ უნდა გაასაჩივრო?
- თუ გასაჩივრება ეხება პროცედურას – უნდა წარადგინო საჩივარი იმავე დღეს, წერილობით, აკადემიის რექტორთან.
- თუ გასაჩივრება ეხება მიღებულ შედეგს – უნდა წარადგინო საჩივარი შედეგის გაცნობიდან მომდევნო სამუშაო დღემდე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში.
დამატებითი კონსულტაციები შენთვის!
დამატებითი კონსულტაცია გჭირდება?
- თუ სტანდარტული სასწავლო დატვირთვა შენთვის არ არის საკმარისი შედეგების მისაღწევად ან შეფასებისთვის, შეგიძლია მოითხოვო ინდივიდუალური მეცადინეობა!
როგორ უნდა მოითხოვო?
- დაწერე განცხადება აკადემიაში და მიუთითე, რატომ გჭირდება დამატებითი მეცადინეობა;
სასწავლო პროცესის მართვის სამსახური შენთვის შეიმუშავებს განრიგს დამატებით საკონსულტაციო შეხვედრებზე დასასწრებად.
ეს სერვისი შენთვის არის, თუ:
- შეფასებისთვის უკეთ მომზადება გჭირდება
- გინდა უკეთესად გაიაზრო მასალა
- გჭირდება დამატებითი განმარტებები
- ჯგუფური მეცადინეობა შენთვის საკმარისი არ არის
თუ ფიქრობ, რომ ეს დაგეხმარება, დროულად მიმართე აკადემიას დამატებითი საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზების მოთხოვნით.
სასწავლო პროცესის დაგეგმვა ინდივიდუალურ რეჟიმში
თუ შენი სასწავლო პროცესი ვერ ხორციელდება ძირითადი სასწავლო გეგმით, აკადემია გთავაზობს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას. ეს ნიშნავს, რომ სწავლების პროცესში გათვალისწინებული იქნება შენი პირადი საჭიროებები და შესაძლებლობები.
როგორ ხდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა?
- პროცესი ხორციელდება შენი უშუალო ჩართულობით (არასრულწლოვნების შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით).
- მიღებული გადაწყვეტილება სრულად ეფუძნება შენს საუკეთესო ინტერესებს. ინდივიდუალური გეგმა დაგეხმარება მაქსიმალურად გამოიყენო შენი შესაძლებლობები და სრულფასოვნად აითვისო პროგრამა.
ასევე, შეგიძლია გაიარო პროგრამის კომპონენტი ინდივიდუალურ რეჟიმში შემდეგ შემთხვევაში:
- დამატებითი განმსაზღვრელი შეფასების შედეგად მოდულის სწავლის შედეგის ვერდადასტურება;
- არარენტაბელური ჯგუფის ფორმირებისას;
- სტატუსის აღდგენისას;
- ფორმალური განათლების აღიარების შედეგად დარჩენილი კომპონენტის დასაძლევად;
- არაფორმალური განათლების აღიარების საფუძველზე დარჩენილი კომპონენტის დასრულებისთვის;
შიდა ან გარე მობილობის ფარგლებში.
ინკლუზიური გარემო აკადემიაში
აკადემია ქმნის ინკლუზიურ და ხელმისაწვდომ სასწავლო გარემოს, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტები სრულ მხარდაჭერას იღებენ. მათთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა სერვისი, რომელიც სტუდენტთა სასწავლო პროცესში სრულფასოვან ჩართულობასა და ხარისხიანი განათლების მიღებას უზრუნველყოფს.
მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებები:
- საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სპეციალისტის მოწვევა, რომელიც ინდივიდუალურად იმუშავებს სტუდენტთან;
- უსინათლო პირებისთვის გამოიყენება ხმის აღწარმოების ელექტრონული პროგრამა;
- სწავლება მორგებულია ინდივიდუალურ საჭიროებებზე და მოიცავს სტუდენტზე მორგებულ საგანმანათლებლო რესურსებს;
- აკადემიის ტერიტორიაზე გადაადგილების ხელშეწყობა უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს;
- ინდივიდუალური მიდგომის ფარგლებში შესაძლებელია სასწავლო პროცესში დამატებითი მხარდაჭერა;
- საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სწავლის მეთოდების ადაპტაცია და აკომოდაცია;
- სხვა ღონისძიებები, რომლებიც სტუდენტის საჭიროების შესაბამისად იგეგმება.
ეს სერვისები აკადემიაში ხელმისაწვდომია და უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის სრულფასოვან განათლებას, მიუხედავად ინდივიდუალური საჭიროებებისა.
სტუდენტის სტატუსის შეჩერება, აღდგენა, შეწყვეტა და მობილობის უფლებით სარგებლობა
სტატუსის შეჩერება – დროებითი პაუზა, მაგრამ არა სწავლის შეწყვეტა!
თუ შენი სტატუსი შეჩერდა, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული დროით გათავისუფლდები აკადემიური ვალდებულებებისგან, მაგრამ შენთვის კვლავ რჩება შესაძლებლობა, განაგრძო სწავლა მოგვიანებით.
სტატუსის შეჩერების მიზეზები შეიძლება იყოს:
- ფინანსური დავალიანება;
- სამხედრო სამსახურში ან რეზერვში გაწვევა;
- პირადი განცხადება;
- საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების 50%-ზე ნაკლების აუთვისებლობა;
- აკადემიის ინიციატივით, სტუდენტთან კომუნიკაციის შეუძლებლობა 2 თვის განმავლობაში.
შენ შეგიძლია, მაქსიმუმ 5 წლის ვადაში აღიდგინო სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ავტომატურად შეწყდება.
სტატუსის აღდგენა – დაბრუნდი და განაგრძე სწავლა!
თუ სტატუსი შეჩერებული გქონდა, მაგრამ მზად ხარ დაუბრუნდე აკადემიას, შეგიძლია, მიმართო აკადემიას სტატუსის აღდგენის მოთხოვნით.
რა უნდა გაითვალისწინო:
- აღდგენა შესაძლებელია იმავე პროგრამაზე, თუ აკადემია კვლავ ახორციელებს მასზე მიღებას.
- ყველა ადრე ათვისებული კრედიტი შენარჩუნდება.
- სტუდენტის სტატუსის აღდგენა დასაშვებია ერთჯერადად.
სტატუსის შეწყვეტა – როცა სწავლა საბოლოოდ წყდება
სტატუსის შეწყვეტა ნიშნავს, რომ შენი სტუდენტის სტატუსი აღარ ექვემდებარება აღდგენას.
შეწყვეტის მიზეზები:
- პროგრამის დასრულება
- სტუდენტის პირადი განცხადება
- სხვა სასწავლებელში მობილობით გადასვლა
- სტუდენტის მიერ პროგრამის კრედიტების 50%-ზე მეტის აუთვისებლობა
- ყალბი დოკუმენტაციის წარდგენა
თუ სტატუსი შეგიწყდა, მაგრამ სწავლა გინდა განაგრძო, საჭიროა ჩარიცხვის პროცესის ხელახლა გავლა!
მობილობა – მობილობა ორი სახის არსებობს. თუ გინდა სწავლა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელო, შეგიძლია, გარე მობილობის უფლება გამოიყენო, ხოლო, თუ გსურს აკადემიის შიგნით ერთი პროგრამიდან მეორეზე გადახვიდე – შიდა მობილობის უფლება.
მობილობის პროცესში გაქვს შესაძლებლობა, შენარჩუნებული კრედიტებით გააგრძელო სწავლა! დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
შუალედური შეფასება
შენი პროგრესის მონიტორინგსა და მხარდაჭერას მიზნად ისახავს შუალედური შეფასება, რომელიც არ არის გამოცდა, არამედ წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს, რომლის ერთ-ერთი მიზანია, მიიღო უკუკავშირი – დაგანახოს, რა შეგიძლია და რაზე უნდა იმუშაო უფრო მეტი პროგრამის დასრულებამდე.
რატომ არის შუალედური შეფასება მნიშვნელოვანი?
- მასში მონაწილეობის მიღება აუცილებელი და სავალდებულოა;
- მიღებული შედეგი არ გამოიყენება სწავლის შედეგების დადასტურებისათვის;
- გეხმარება, გაიაზრო საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები სასწავლო პროცესში;
- მასში მონაწილეობა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების ერთ-ერთი წინაპირობაა.
როდის და როგორ ტარდება?
- შეფასება ტარდება პროგრამის შუა ეტაპზე;
- შეფასების თარიღი და ფორმატი შუალედური შეფასების ჩატარებამდე გონივრულ ვადაში განისაზღვრება და შეგატყობინებს სასწავლო პროცესის მართვის სამსახური.
რა ხდება შემდეგ?
- შენ იღებ დეტალურ უკუკავშირს – რა გაქვს კარგად ათვისებული და რაში გჭირდება გაუმჯობესება;
- საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაიგეგმოს ცვლილებები პროგრამაში, საგანმანათლებლო რესურსებში ან შეფასების სისტემაში;
- თუ საპატიო მიზეზით ვერ დაესწარი, შეგიძლია მონაწილეობა მიიღო დამატებით შუალედურ შეფასებაში.
საკვალიფიკაციო გამოცდა
საკვალიფიკაციო გამოცდა არის შენი პროფესიული ცოდნისა და უნარების საბოლოო დადასტურება. მისი წარმატებით ჩაბარება აუცილებელი პირობაა კვალიფიკაციის მინიჭებისთვის.
რას მოითხოვს გამოცდა?
- უნდა დაამტკიცო, რომ შეგიძლია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
- გამოცდა მოიცავს პროგრამის ფარგლებში ნასწავლ მნიშვნელოვან კომპონენტებს.
- გამოცდაზე დასაშვებად აუცილებელია, რომ:
პროგრამის ყველა მოდულის სწავლის შედეგი გქონდეს დადასტურებული;
მონაწილეობა გქონდეს მიღებული შუალედურ შეფასებაში.
როდის ტარდება?
- სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში.
- გამოცდის თარიღსა და ფორმატს გონივრულ ვადებში შეგატყობინებს სასწავლო პროცესის მართვის სამსახური.
- თემატიკა არ გასცდება იმას, რაც უკვე ისწავლე.
როგორ ტარდება?
საკვალიფიკაციო გამოცდის ფორმატი პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე განსხვავდება, თუმცა შეიძლება მოიცავდეს:
- თეორიულ გამოცდას – შენი ცოდნის გადამოწმებისთვის;
- პრაქტიკული უნარების დემონსტრირებას – კონკრეტული ამოცანების შესრულებას რეალურ გარემოში;
- პროექტის პრეზენტაციას – შენი უნარების წარდგენასა და დასაბუთებას;
- ქეისების/სიტუაციების განხილვას – გადაწყვეტილებების მიღებას პროფესიულ კონტექსტში.
შენი შედეგი და მისი გასაჩივრება
- საკვალიფიკაციო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეგატყობინებენ სამი სამუშაო დღის ვადაში.
- თუ მიიჩნევ, რომ მიღებული შედეგი არ შეესაბამება შენ მიერ ნაჩვენებ ცოდნასა და უნარებს, შეგიძლია, გაასაჩივრო შენი შეფასება 5 სამუშაო დღის ვადაში.
შენი უფლება განმეორებითი გამოცდისთვის
თუ პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, შეგიძლია იმავე წელს განმეორებით გამოცდაზე გასვლა შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გამოცდაზე ვერ გამოცხადდი;
- თუ უარყოფითი შეფასება მიიღე.
გაითვალისწინე:
- განმეორებითი საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასვლის შესახებ უნდა მიმართო აკადემიას განცხადებით;
- თუ განმეორებით გამოცდაზე ვერ გამოცხადდი ან ვერ ვერ მიიღე დადებითი შეფასება, გიჩერდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი და 5 წლის განმავლობაში უფლება გექნება ისევ ისარგებლო საკვალიფიკაციო გამოცდით.
სხვა სერვისები აკადემიის სტუდენტებისათვის
აკადემია მხარს გიჭერს პროფესიული განვითარების ყველა ეტაპზე. სხვადასხვა სერვისი დაგეხმარება ცოდნის გაღრმავებაში, კარიერული შესაძლებლობების შექმნასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში. თუ გჭირდება დამატებითი მხარდაჭერა სწავლის, კარიერის დაგეგმვის ან საერთაშორისო გამოცდილების მიღების პროცესში, შეგიძლია ისარგებლო შესაბამისი სერვისებით.
- პროფესიული მომზადება – მოკლევადიანი პროგრამები, რომლებიც დაგეხმარება შეიძინო ახალი კომპეტენციები.
- პროფესიული გადამზადება – შესაძლებლობა უკვე მიღებული პროფესიული უნარების გაუმჯობესებისა.
- არაფორმალური განათლების აღიარება – აქამდე შეძენილი პრაქტიკული ცოდნის ოფიციალური აღიარება და შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება.
- ფორმალური განათლების აღიარება – სხვა სასწავლებელში მიღწეული სწავლის შედეგ(ებ)ის აღიარება.
- საერთაშორისო მობილობა – უცხოეთის სასწავლებლებში სწავლის ან პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა.
- პროფესიული ორიენტაცია – ინდივიდუალური კონსულტაციები და გზამკვლევი პროფესიის სწორად არჩევისთვის.
- კარიერული მხარდაჭერა – დახმარება სამუშაოს მოძიებაში, რეზიუმეს მომზადებასა და კარიერული ზრდის დაგეგმვაში.
- მატერიალურ-საინფორმაციო რესურსებით სარგებლობა – ფიზიკური და ციფრული რესურსი, რომელსაც აკადემია გთავაზობს განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების მიზნით.