
ინტერვიუ აკადემიის რექტორთან: ხელოვნური ინტელექტი, დიგიტალიზაცია და საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობა
საქართველოს ბიზნესის აკადემიის რექტორი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელში. ვიზიტის ფარგლებში ისრაელის განათლების სამინისტროს მოწვევით მან მონაწილეობა მიიღო იერუსალიმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებას თანამედროვე განათლებაში და ინდივიდუალიზებული სწავლების მოდელებს.
ამ მასშტაბურ კონფერენციას 27 დელეგაცია და 20 000 მდე მონაწილე დაესწრო მთელი მსოფლიოდან, მათ შორის იყვნენ საგანმანათლებლო ლიდერები, პოლიტიკის შემქმნელები და მსოფლიო დონის ექსპერტები. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრება წამყვან საგანმანათლებლო ცენტრებთან და დაიგეგმა მათთან თანამშრომლობა.
ამ საკითხზე რექტორს ესაუბრა აკადემიის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ჩოფლიანი.
რას ნიშნავდა თქვენთვის და საქართველოს ბიზნესის აკადემიისთვის იერუსალიმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა?
იერუსალიმში გამართული საერთაშორისო კონფერენცია იყო განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა როგორც პირადად ჩემთვის, ასევე საქართველოს ბიზნესის აკადემიისთვის. ეს არ ყოფილა მხოლოდ კონფერენციაში მონაწილეობა — ეს იყო ინტენსიური საერთაშორისო დიალოგი, სადაც განათლების მომავალი რეალურად იწერება.
კონფერენციის ფარგლებში ხშირი იყო შეხვედრები როგორც მაღალი რანგის სახელმწიფო წარმომადგენლებთან, ისე საგანმანათლებლო პოლიტიკის ფორმირებაში ჩართულ პირებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მქონდა პირადი შეხვედრა ისრაელის განათლების მინისტრთან, რაც მოკლე დროში შესაძლებლობას იძლეოდა უშუალო კომუნიკაციისა და ხედვების გაცვლისთვის.
ამავე დროს, კონფერენცია გვაძლევდა უნიკალურ შესაძლებლობას, გვეკონტაქტა მსოფლიო დონის ექსპერტებთან, რომლებიც დღეს უძღვებიან ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას განათლებაში. ეს შეხვედრები აკადემიისთვის ქმნის არა მხოლოდ შთაბეჭდილებებს, არამედ რეალურ სტრატეგიულ საფუძველს მომავალი განვითარებისათვის.
დღეს აკადემია პოზიციონირებს, როგორც ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ეფექტური საერთაშორისო პარტნიორობების განვითარებაში — რაც სრულად ასახავს და რეალობად აქცევს ჩვენი ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის არსსა და სულისკვეთებას.
რა იყო კონფერენციის მთავარი გზავნილი ხელოვნური ინტელექტისა და ინდივიდუალიზებული სწავლების მიმართულებით?
კონფერენციის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ხელოვნური ინტელექტი არ ცვლის მასწავლებელს — ის აძლიერებს მას. AI განათლებაში უნდა იყოს გააზრებული ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება მასწავლებელს სწავლების უკეთ დაგეგმვაში და სტუდენტს — საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენაში.
ინდივიდუალიზებული სწავლება უკვე აღარ არის მომავლის კონცეფცია — ის დღევანდელი აუცილებლობაა. ხელოვნური ინტელექტი საშუალებას იძლევა, სწავლება მოერგოს თითოეულ სტუდენტს, მის ტემპს, ინტერესებსა და შესაძლებლობებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიულ და ტექნოლოგიურ განათლებაში.
მოვახდენ ისრაელის განათლების მინისტრის, იოავ კიშის სიტყვების ციტირებას:
“ბიბლიაში ნათქვამია:
„აღზარდე ბავშვი მისი გზის მიხედვით“ (Educate a child according to his path)
ეს ფრაზა სლოგანი არ არის — ეს არის მისია, რომელსაც პედაგოგები ათწლეულების განმავლობაში ერთგულებენ. ეს სიბრძნე მეფე სოლომონისგან მოდის და გვახსენებს ერთ მთავარ ჭეშმარიტებას: თუ ადამიანს ჰყავს ვინმე, ვისაც მისი ნამდვილად სჯერა, ის შეძლებს მიაღწიოს ყველაფერს.
დღეს ამ გზაზე ჩვენს გვერდით დგას ტექნოლოგია და ხელოვნური ინტელექტი — არა პედაგოგის შესაცვლელად, არამედ მის გასაძლიერებლად. როდესაც მასწავლებელს ვაძლევთ საშუალებას, საკუთარ გზას მიჰყვეს, ის უკეთ ეხმარება თითოეულ ბავშვს საკუთარი გზის პოვნაში.
ჩვენ შევცდებით. ეს პროცესი მარტივი არ იქნება. დაგვჭირდება დრო.
ვცდით, შეცდომებს დავუშვებთ, გადავხედავთ მიდგომებს და თავიდან დავიწყებთ.
და ეს უნდა გაიგოს ყველამ: განათლების წინსვლა შეუძლებელია ექსპერიმენტის, ნდობისა და მუდმივი სწავლის გარეშე”.
კონფერენციის მესამე დღეს ყველა მონაწილე ქვეყნის მიერ ხელი მოეწერა იერუსალიმის დეკლარაციას, რომელიც განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარ პოსტულატებს აყალიბებს.
როგორ უკავშირდება ეს გამოცდილება აკადემიის დიგიტალიზაციის სტრატეგიას?
საქართველოს ბიზნესის აკადემიაში შექმნილია დიგიტალიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს აკადემიის დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაზე. ჩვენი ხედვაა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია იყოს სისტემური, გააზრებული და განათლების ხარისხზე ორიენტირებული.
ისრაელში მიღებული იდეები, საერთაშორისო ექსპერტებთან კონტაქტები და პრაქტიკული მაგალითები მნიშვნელოვნად დაეხმარება ამ სამუშაო ჯგუფს სტრატეგიის სწორად დაგეგმვასა და განხორციელებაში. ეს გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, თავიდან ავირიდოთ ფორმალური ან ზედაპირული მიდგომები და შევქმნათ რეალურად მოქმედი მოდელი.
რას მოგვიყვებით საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოფენასა და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივებზე?
კონფერენციის პარალელურად გამართული საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოფენა იყო განსაკუთრებით შთამბეჭდავი. მსოფლიოს წამყვანი კომპანიები და ისრაელის დაახლოებით 250 სკოლა სამი დღის განმავლობაში აჩვენებდნენ, თუ როგორ გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ სასწავლო პროცესში.
კონფერენციის შემდეგ შეხვედრები გაგრძელდა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და კომპანიებთან, დავესწარით ეროვნულ შეჯიბრებას რობოტიკაში. ამ შეხვედრებზე განვიხილეთ ერთობლივი პროგრამების და ინიციატივების განხორციელება ისეთ მიმართულებებში, რომლებიც დღეს საერთაშორისო შრომის ბაზარზე განსაკუთრებულად მოთხოვნადია — რობოტიკა, ელექტრონიკა, ტექნოლოგიური განათლება. ეს თანამშრომლობა შესაძლებელია როგორც დისტანციური, ასევე ფიზიკური გაცვლითი ვიზიტების ფორმატში.
არ გამოვრიცხავთ ეროვნულ დონეზეც ახალი კვალიფიკაციის ინიციირებას ამ მიმართულებით.
რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტების აქტიური ჩართულობა და რა მესიჯი გაქვთ აკადემიის და ზოგადად ქართველი სტუდენტებისთვის?
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება იყო სტუდენტების რეალური ჩართულობა განათლების პროცესში. ისრაელში მოქმედი ეროვნული სტუდენტური გაერთიანების სლოგანი — „Nothing about us without us“ („არაფერი ჩვენ შესახებ ჩვენს გარეშე“) — ნათლად ასახავს თანამედროვე განათლების ფილოსოფიას.
ეს ნიშნავს, რომ სტუდენტები უნდა იყვნენ ჩართულები როგორც ტექნოლოგიების დანერგვაში, ისე გადაწყვეტილებების მიღებაში და განათლების პოლიტიკის განხორციელებაში. მინდა ეს მესიჯი გადავცე აკადემიის სტუდენტებსაც — თქვენი ხმა მნიშვნელოვანია და თქვენი აქტიურობა არის უკეთესი მომავლის შექმნის საფუძველი.
ჩვენ აუცილებლად დავაკავშირებთ აკადემიის სტუდენტებს ისრაელელ თანატოლებთან. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ქართული წარმოშობის სტუდენტებიც, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით უყურებენ ქართულ-ებრაულ თანამშრომლობას. მე პირადად მზად ვარ, ამ მიმართულებით ფასილიტატორისა და მედიატორის როლი შევასრულო.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ უნიკალური შესაძლებლობისათვის მადლობა გადავუხადო მის აღმატებულებას, მინისტრ იოავ კიშს, დოქტორ იარონ დოპპელტს ვიზიტის შესანიშნავი ორგანიზებისათვის, ისრაელის სკოლების ხელმძღვანელებს და ექსპერტებს გულთბილი მასპინძლობისათვის და ჩემს ახალგაზრდა კოლეგას, რონი კერტსმანს, რომელმაც დამაკავშირა ისრაელის სტუდენტურ გაერთიანებასთან.

