მასწავლებელთა ინიციატივების კონკურსი

მონაწილეობა:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლებს ინდივიდუალურად ან მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფს.

კონკურსის მიზანი:

კონკურსის მიზანია ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნის წახალისება, რომლებიც ავითარებს ინოვაციურ მიდგომებს, ზრდის სტუდენტთა ჩართულობას, ასტიმულირებს პრაქტიკული უნარების განვითარებას, ხელს უწყობს პროფესიული განათლების მოდერნიზაციას და სწავლების ტექნოლოგიურ პროგრესს.

კონკურსის პირობები:

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ისეთი ტიპის ინიციატივები, რომლებიც დაკავშირებულია ციფრულ საგანმანათლებლო რესურსებთან, თემატურ სფეროებს წარმოადგენს:

  1. საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT)

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს პრაქტიკული უნარების მოდულებზე, შემდეგ მიმართულებებში:

  • კომპიუტერული ქსელი და სისტემები
  • ინფორმაციის ტექნოლოგია (IT Support)
  • ვებტექნოლოგიები (Front-End Development)

2. თავისუფალი არჩევანი  [საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ს ნებისმიერი სხვა პროფესიული პროგრამის/მოდულების ფარგლებში]

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს თეორიული ცოდნის ან/და პრაქტიკული უნარების მოდულებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალ ინტერაქტიულობას, პრაქტიკულ უნარებზე ორიენტაციას და ხელს უწყობენ სწავლის შედეგების მიღწევას.

პრიორიტეტული რესურსების ტიპები:

ინტერაქტიული ელექტრონული სახელმძღვანელო

  • ჩაშენებული ანიმაციები;
  • ინტეგრირებული ვიდეოფრაგმენტები;
  • ვირტუალურ ლაბორატორიებზე ან საგნობრივ პლატფორმებზე გადამისამართება;
  • ინტერაქტიული სავარჯიშოები;
  • მოკლე შეფასების ბლოკები.

მიზანი: თეორიული მასალის პრაქტიკულ კონტექსტში გადატანა და სტუდენტთა ჩართულობის ზრდა.

ვიდეოგაკვეთილების კურსი/მიკრო-ვიდეოები (3–5 ვიდეო)

  • პროფესიონალური გადაღება და მონტაჟი;
  • ხარისხიანი აუდიო და ვიზუალური გაფორმება;
  • ინფორმაციის სტრუქტურირებული და მოკლე მიწოდება;
  • ინტერაქტიული შეფასების პაკეტის თანდართვა (ქვიზები, დავალებები).

მიზანი: რთული თემების მარტივად, ნათლად და პრაქტიკულად გადმოცემა.

Guide ტიპის სასწავლო რესურსი

  • საგნობრივი მოკლე გზამკვლევი;
  • ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციები;
  • პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული;
  • ილუსტრაციები, სქემები და მონაცემთა შეჯამებები.

მიზანი: თვითსწავლის გაძლიერება და პრაქტიკული უნარების განვითარება.

ტექნიკური მოთხოვნები:

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ციფრული საგანმანათლებლო რესურსი უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ტექნოლოგიურ სტანდარტებს, იყოს ტექნიკურად გამართული, მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი სხვადასხვა მოწყობილობიდან, უზრუნველყოფდეს მონაცემთა დაცვისა და საავტორო უფლებების დაცვის ნორმების შესრულებას.

საავტორო უფლებები და გამოყენების პირობები:

  • საავტორო უფლების თანაავტორობა: გამარჯვებული რესურსის შექმნის შემთხვევაში, საავტორო უფლება რესურსზე (როგორც სასწავლო პროდუქტზე) ექნებათ თანაბრად ავტორსა (ინიციატორს) და შპს „საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს”;
  • გამოყენების უფლება: ავტორი (ინიციატორი) აკადემიას უნარჩუნებს უფლებას, გამოიყენოს, გაავრცელოს და განაახლოს აღნიშნული რესურსი შეუზღუდავად და უვადოდ სასწავლო პროცესში;
  • გადაცემა: გამარჯვებული ინიციატორი ვალდებულია, აკადემიას გადასცეს რესურსის სრული საავტორო მასალა.

რესურსის შერჩევის კრიტერიუმები:

წარმოდგენილი განაცხადები შეფასდება 5 ძირითადი კრიტერიუმით, ქულათა სისტემით 1–დან 5-მდე, სადაც 5 არის მაქსიმალური შეფასება.
თითოეული კრიტერიუმი აღწერს ციფრული საგანმანათლებლო რესურსის კონკრეტულ ასპექტს, ხოლო “წონა” ასახავს კრიტერიუმის მნიშვნელობას საერთო შეფასებაში.

კრიტერიუმი შეფასების ფოკუსი წონა
1. ინტერაქტიულობა და ინოვაცია

რამდენად სცილდება რესურსი პასიური სწავლის მეთოდებს (კითხვა/ყურება) და მოიცავს თუ არა მექანიზმებს გადაწყვეტილების მიღებისთვის, მოდელირებისთვის ან პერსონალიზებული უკუკავშირისთვის.

მაღალი
2. პრაქტიკული ღირებულება რამდენად ეხმარება რესურსი კონკრეტული პროფესიული უნარის გამომუშავებას ან რთული პრაქტიკული ამოცანის ამოხსნას. მაღალი
3. შესაბამისობა სწავლის შედეგებთან რამდენად მკაფიოდ და ზუსტად ფარავს ციფრული რესურსი შერჩეული პროფესიული მოდულის/მოდულების  სწავლის  შედეგებს. მაღალი
4. დიზაინი და ერგონომიკა ვიზუალური მიმზიდველობა, ინფორმაციის ლოგიკური და სტრუქტურული ორგანიზაცია, მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ინტერფეისი. საშუალო
5. ბიუჯეტის ეფექტიანობა რამდენად რეალისტურია დაგეგმილი რესურსის შექმნა წარმოდგენილი ბიუჯეტით და რამდენად მაღალია მოსალოდნელი შედეგი გამოყოფილ თანხასთან მიმართებით. საშუალო

 


კონკურსის ფარგლებში  გამოვლინდება ორი გამარჯვებული ინიციატივა;
კონკურსში გამარჯვებულების გამოვლენის შემთხვევაში აკადემიის ბიუჯეტიდან  თითოეული გამარჯვებულისათვის გამოიყოფა 2000 ლარი;
კონკურსში მონაწილეობისათვის  უნდა შეივსოს განაცხადის ფორმა და შევსებული განაცხადი გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@sba.edu.ge
განაცხადს თან უნდა ერთოდეს მოთხოვნილი თანხის ხარჯვის შესახებ ინფორმაცია (რა ხარჯებს მოხმარდება მოთხოვნილი თანხა. ძირითადად ეს უნდა იყოს საქონლის ან მომსახურების შესყიდვა).
საკონკურსო განაცხადების მიღება ხორციელდება 2026 წლის 27 თებერვლის ჩათვლით;
შემოსული განაცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდება არაუგვიანეს 13 მარტისა.
პროექტი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2026 წლის 31 მაისისა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: ირაკლი ლოლაძე, მარკეტინგისა და სტუდენტთა სერვისების მენეჯერი – 544 44 71 66