საქართველოს ბიზნესის აკადემიამ – SBA მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში ქალაქ თბილისის სამოცამდე პარტნიორი საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს პროფესიული ორიენტაციის ფარგლებში გამართულ საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრებზე უმასპინძლა.

ამ პროცესის მნიშვნელობა სცდება მხოლოდ ერთი დაწესებულების ინტერესს — იგი უკავშირდება განათლების სისტემაში პროფესიული გზების უკეთ გააზრებას, პროფესიული განათლების მიმართ ცნობიერების ზრდას და ახალგაზრდების მხარდაჭერას საკუთარი მომავლის დაგეგმვის პროცესში.

შეხვედრები წინასწარ გაწერილი და კარგად აპრობირებული სცენარით მიმდინარეობს და სამიზნე ჯგუფის სპეციფიკაზეა ორიენტირებული. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ პროფესიული ინტერესებისა და უნარების დიაგნოსტიკურ და ელექტრონულ ტესტირებაში, დაათვალიერონ აკადემიის თანამედროვე ინფრასტრუქტურა და რეალურ გარემოში გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რასაც თანამედროვე პროფესიული განათლება სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ პროფესიული ორიენტაციის სერვისის ფარგლებში საქართველოს ბიზნესის აკადემიას მხოლოდ გასულ კვირაში 1 500-ზე მეტი სტუმარი ეწვია. ეს ნათლად ადასტურებს, რომ ახალგაზრდებში, მშობლებსა და სკოლებში იზრდება მოთხოვნა სიღრმისეულ, ობიექტურ და პრაქტიკულად გამოსადეგ კარიერულ კონსულტაციაზე.

აკადემიის დირექტორის განცხადებით „პროფესიული ორიენტაცია თანამედროვე განათლების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ახალგაზრდებს ეხმარება გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს მივაწოდოთ ობიექტური, სანდო და პრაქტიკულად გამოსადეგი ინფორმაცია, რათა მათ უკეთ დაინახონ საკუთარი შესაძლებლობები და განათლების სხვადასხვა გზა.

ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ინტერესი მზარდია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მსგავსი ფორმატის შეხვედრების საჭიროებას და მნიშვნელობას.“