საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA და ზრდასრულთა განათლების ეროვნულმა ქსელმა-GAEN ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA და საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა-GAEN ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ზრდასრულთა განათლების სისტემის გაძლიერებას, საერთო ინიციატივების განვითარებას და ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი სწავლების კულტურის მხარდაჭერას.
მემორანდუმი წარმოადგენს დეკლარაციულ, თუმცა მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ორი ინსტიტუციის ინტერესების თანხვედრას და ქმნის მყარ საფუძველს სისტემური თანამშრომლობისთვის.
თანამშრომლობა იძლევა შესაძლებლობას მოხდეს მნიშვნელოვანი რესურსების, გამოცდილებისა და ცოდნის გაერთიანება, რაც ზრდის სწავლების ხარისხს და ხელმისაწვდომობას ზრდასრულთათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA 15წლიანი გამოცდილებით ახორციელებს პროფესიულ განათლებას, გადამზადებებსა და კვალიფიკაციის ამაღლებას ზრდასრულთათვის’ ხოლო GAEN არის წამყვანი ეროვნული პლატფორმა, რომელიც მუშაობს ზრდასრულთა განათლების სტანდარტების, პოლიტიკისა და ახალი მიდგომების ჩამოყალიბებაზე. ორივე ორგანიზაციის მისია — საზოგადოების განათლება, პროფესიული ზრდა და ინოვაციური მიდგომების დანერგვა — სრულად ავსებს ერთმანეთს.
მემორანდუმი არის განცხადება იმისა, რომ ორივე ინსტიტუცია მიზნად ისახავს ზრდასრულთა განათლების მრავალფეროვნებას, ინკლუზიურობას და უწყვეტი სწავლების შესაძლებლობების გაფართოებას.
ია ერაძე, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA დირექტორი:
„ჩვენ გვსურს არამხოლოდ შევუერთდეთ ზრდასრულთა განათლების ეროვნულ ქსელს, არამედ აქტიურად შევიტანოთ წვლილი მის განვითარებაში – ახალი იდეებით, ინოვაციური პრაქტიკებით და ერთობლივი ინიციატივებით. ეს თანამშრომლობა ჩვენთვის წარმოადგენს მნიშვნელოვანი ნაბიჯს განათლების ეკოსისტემის გაძლიერების მიმართულებით.“
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA კვლავ განაგრძობს პარტნიორობის გაღრმავებას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა ყველა ასაკის მსურველს მისცეს შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი განათლება.