საექთნო პროფესიის კვირეული საქართველოს ბიზნესის აკადემიაში (SBA)

საქართველოს ბიზნესის აკადემიაში (SBA) საექთნო პროფესიის კვირეული მრავალფეროვანი, შინაარსიანი და პრაქტიკულ გამოცდილებაზე ორიენტირებული აქტივობებით ჩატარდა, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ჯანდაცვის სისტემაში ექთნების როლი.
 
კვირეული დაიწყო პირველკურსელი სტუდენტების ვიზიტით პარტნიორ ინგოროყვას კლინიკაში. სტუდენტები რეალურ სამუშაო გარემოში დააკვირდნენ კლინიკის საქმიანობას, გაეცნენ ექთნების ყოველდღიურ პასუხისმგებლობებს და მიიღეს პროფესიული რჩევები პრაქტიკოსებისგან. აღნიშნული აქტივობა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მათი პროფესიული ცნობიერების ამაღლებისთვის.

კვირეულის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მოწვეულ ექსპერტებთან, სადაც სტუდენტებმა მოისმინეს გამოცდილება კარიერული განვითარების შესახებ და მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

ამავე დღეს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი SBA-სა და საქართველოს ექთანთა გაერთიანებას შორის, რაც მიზნად ისახავს:

  • საექთნო განათლების ხარისხის განვითარებას
  • თანამედროვე სტანდარტების დანერგვას
  • პრაქტიკული სწავლების გაძლიერებას
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას

აღნიშნული პარტნიორობა აკადემიას შესაძლებლობას მისცემს გააძლიეროს პროგრამები, განავითაროს ერთობლივი ინიციატივები და სტუდენტებს შესთავაზოს მეტი პროფესიული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობა.

14 მაისს მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საექთნო უნარების კონკურსში, სადაც შეფასდა მათი პრაქტიკული უნარები, კლინიკური აზროვნება და პროფესიული სიზუსტე.

კვირეულის დასასრულს მესამეკურსელმა სტუდენტებმა პირველკურსელებისთვის სტუდენტ-მენტორების მასტერკლასი გამართეს. უფროსმა სტუდენტებმა პრაქტიკაში აჩვენეს საბაზისო მანიპულაციები, გაუზიარეს გამოცდილება და პროფესიული უნარები.

საექთნო კვირეული იყო ცოდნის გაზიარების, პროფესიული ზრდისა და გამოცდილების მიღების წყარო.
SBA კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საექთნო საქმე არ არის მხოლოდ პროფესია — ეს არის გუნდურობა, მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა პაციენტების კეთილდღეობაზე.