შენი შეფასების შედეგი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად აჩვენებ მოდულის ფარგლებში მიღებულ ცოდნასა და უნარებს. შეფასების მიმართულება მოდულების მიხედვით შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მათ შორის, შეიძლება შეფასდე:

  • პრაქტიკული დავალებებით, რომლებიც პროფესიული განათლების მასწავლებლის დაკვირვებას მოითხოვს – რომელიც პროცესზეა ორიენტირებული, სადაც შემფასებელი უშუალოდ აკვირდება შენ მიერ შესრულებილ მოქმედებას;
  • პრაქტიკული სამუშაოებით – შემფასებელი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ შედეგს – შენ მიერ შესრულებულ დავალებას ამოწმებს;
  • ტესტებითა და წერილობითი დავალებებით – თეორიული ცოდნის დასადასტურებლად.

მიღწეული სწავლის შედეგები ფასდება არადიფერენცირებულად, რაც ნიშნავს, რომ შენი შედეგი არ გამოიხატება ქულებით ან შეფასებითი კატეგორიებით (მაგალითად, A, B, C, D, F ან 100-ქულიანი სისტემა), არამედ, სწავლის შედეგის მიღწევა დგინდება „დადასტურდა“ ან „ვერ დადასტურდა“ პრინციპით:

  • „დადასტურდა“ – როცა შენი შედეგი აკმაყოფილებს მოთხოვნებს ან
  • „ვერ დადასტურდა“ – როცა შენი შედეგი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და საჭიროა განმეორებითი შეფასება.

თუ ვერ დაადასტურე სწავლის შედეგები, არ ინერვიულო – გექნება განმეორებითი შეფასების შესაძლებლობა. შენ გაქვს უფლება, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვო დამატებითი ან განმეორებითი შეფასება, თუ ვერ ესწრები ძირითად შეფასებას ან მიიღე არადამაკმაყოფილებელი შედეგი .