logo
რექტორი

კახაბერ ერაძე

კახაბერ ერაძის მუშაობა განათლების სისტემაში სამ ათეულ წელს ითვლის. მისი სწავლების და კვლევის სფეროებია ეკონომიკა, ბიზნესი და ადმინისტრირება, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, განათლება.

არის საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორი. განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით ის იყო ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი, ავტორიზაციის საბჭოს წევრი, სხვადასხვა პროექტის თუ პროგრამის ხელმძღვანელი, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ცენტრის დირექტორის მოადგილე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარების სახელმწიფო პროგრამის მენეჯერი, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე შექმნილი სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის წევრი, წარმოადგენდა საქართველოს მხარეს საერთაშორისო პლატფორმებზე.

განათლების სისტემაში მუშაობის პერიოდში მის სახელს უკავშირდება პროფესიული განათლების რეფორმის მთელი რიგი მიმართულებების დაგეგმვა და განხორციელება, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია კომპეტენციებს დაფუძნებული სწავლება-შეფასების (ე.წ. მოდულური) სისტემის დანერგვა, ზოგადი განათლების ინტეგრირება პროფესიულ განათლებაში, დუალური სწავლების მიდგომების პილოტირება, პროფესიული განათლების სპეციფიკაზე მორგებული საგანმანათლებლო რესურსების შექმნა, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის, სტანდარტებისა და პროცედურების სრული კონცეპტუალური განახლება და დანერგვა პროფესიული განათლების, ზოგადი განათლების და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყო ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების დანერგვა საჯარო სკოლებში და 300-ზე მეტმა სკოლამ ქვეყნის ისტორიაში პირველად გაიარა ავტორიზაცია, დაინერგა ხარისხის განვითარების ინოვაციური მიდგომები, დაწესებულებათა თვითშეფასების განახლებული კონცეფცია, თანამშრომლობითი ვიზიტები, საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერის და კარგი პრაქტიკების წახალისებისა და გამოცდილების გაზიარების მექანიზმები.

აღსანიშნავია კახაბერ ერაძის წვლილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინსტიტუციური განვითარების საქმეში. ცენტრის ძირითადი მმართველობითი პროცესების: სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის, მონიტორინგის, ასევე ხარისხის შიდა უზრუნველყოფის სისტემების დანერგვასა და განვითარებაში.

განათლების სფეროში კახაბერ ერაძის წარმატებული მოღვაწეობა არაერთხელ აღინიშნა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. 2023 წელს, მოლდოვის ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულმა სააგენტომ, განათლების ხარისხის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის კ. ერაძეს საუწყებო ჯილდო გადასცა.  

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ კახაბერ ერაძემ სწავლა განაგრძო კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქვს დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში, ასევე იურისტის კვალიფიკაცია.

ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემებში და პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. არის სამი პროფესიული ასოციაციის დამფუძნებელი და აქტიური წევრი, შვიდი სახელმძღვანელოს, ათობით პუბლიკაციისა და სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოსა და გზამკვლევის ავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცემების სარედაქციო კოლეგიის წევრი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი.

2024 წლიდან ის საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში რექტორის პოზიციას იკავებს.