საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები
პროგრამაზე პირის ჩარიცხვის პირობები განისაზღვრება პროგრამით, რომელიც ეყრდნობა პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონს, კანონქვემდებარე აქტებს და არსებობის შემთხვევაში, პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტს.
პროგრამაზე შერჩევის მექანიზმები
1. საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერჩევის მექანიზმებს განსაზღვრავს აკადემია, ხოლო უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე შერჩევის მექანიზმები განსაზღვრულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
2. აკადემია უფლებამოსილია უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე განსაზღვროს შერჩევის დამატებითი მექანიზმები.
აპლიკანტთა ინფორმირება
- შეფასების თარიღების შესახებ აპლიკანტთა ინფორმირებას ახორციელებს სასწავლო პროცესის მართვის სამსახური;
- გარდა ინდივიდუალური ინფორმირებისა, აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კარიერის სამსახური შერჩევის თარიღების შესახებ ინფორმაციას განათავსებს აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სოციალურ გვერდზე.
პროგრამაზე დაშვება
1. საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2.პირი, რომელსაც აქვს:
ა) სულ მცირე საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, დაიშვება იმ საშუალო საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები;
ბ) სულ მცირე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი, დაიშვება საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
- უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი.
შეფასების მეთოდები და ეტაპები
1. შეფასების მეთოდები და ეტაპები უნდა უზრუნველყოფდნენ წინასწარი შეფასებით, ისეთ აპლიკანტთა შერჩევას, რომლებიც შეძლებენ პროგრამის განხორციელების ვადებში პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას;
2. შეფასება შესაძლოა განხორციელდეს დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით;
3. შეფასების პროცესი უნდა განხორციელდეს ვალიდურობის, სანდოობის, გამჭვირვალეობის, სამართლიანობის და ობიექტურობის პრინციპების დაცვით.
4. კანდიდატთა შეფასების მიზნით შესაძლოა გამოყენებული იქნეს ერთი ან რამდენიმე მეთოდი;
5. შეფასების მეთოდის შინაარსს, ასევე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს განსაზღვრავს შესარჩევი კომისია;
6. აპლიკანტის მიერ აკადემიის ერთზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, რომლებისთვისაც შესარჩევი კომისიის მიერ განსაზღვრულია შეფასების ერთდაიგივე მეთოდი, აპლიკანტის მიერ აპლიკანტის შეფასება ხორციელდება ერთხელ და შეფასების შედეგი გამოიყენება ამ პუნქტით განსაზღვრულ ყველა პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნებისათვის;
7. შეფასება შესაძლებელია გამოყენებული იქნას იმავე წელს დარჩენილი ადგილების შევსების მიზნებისთვის;
8. შესარჩევი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, (აპლიკანტთა შეფასების შედეგებს) შესაბამისი ოქმის შედგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, სასწავლო პროცესის მართვის სამსახური განახორციელებს აპლიკანტის ინდივიდუალურ ინფორმირებას მისთვის ცნობილი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით;
9. აპლიკანტი უფლებამოსილია შესარჩევი კომისიის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისა, გაასაჩივროს სააპელაციო კომისიასთან, გადაწყვეტილების გაცნობიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
აპლიკანტის განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფა
1. აპლიკანტის განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფა დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში:
ა) ძირითად თარიღს ემთხვევა აპლიკანტის შეფასება მის მიერ არჩეული სხვა პროგრამის მიზნებისათვის;
ბ) აპლიკანტი ჯანმრთელობის ან ოჯახური მდგომარეობის გამო მოკლებულია ძირითად თარიღში შეფასების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას;
გ) აპლიკანტი პანდემიის ან გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო მოკლებულია ძირითად თარიღში შეფასების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას;
2. განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფის მოთხოვნით, აპლიკანტი არაუგვიანეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი შერჩევის ეტაპის დასრულებამდე ათი სამუშაო დღით ადრე განცხადებით მიმართავს აკადემიას და ამ მუხლის 1 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შესახებ დაურთავს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს;
3. განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ შეფასების განხორციელება და შედეგების სარეგისტრაციო სისტემაში ასახვა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი შერჩევის ეტაპის დასრულებამდე;
4. აკადემიის დირექტორი იხილავს განსხვავებულ თარიღში აპლიკანტის შეფასების უზრუნველყოფის შესაძლებლობას და იღებს გადაწყვეტილებას განსხვავებულ თარიღში შეფასების განხორციელების ან განსხვავებულ თარიღში შეფასებაზე უარის თქმის შესახებ დოკუმენტბრუნვის სისტემაში გაკეთებული რეზოლუციით.
5. აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური უზრუნველყოფს განმცხადებლის ინფორმირებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების შესახებ, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
შერჩევა პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში
1. პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში (შემდგომში -რეალურ სამუშაო გარემოში განხორციელებული პროგრამა) აპლიკანტთა შეფასება ხორციელდება ზემოთ მოცემული წესის შესაბამისად და ამ მუხლით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.
2. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რეიტინგულ სიას ადგენს სასწავლო პროცესის მართვის სამსახური;
3. თანაბარი სარეიტინგო ქულის მქონე აპლიკანტები რეიტინგულ სიაში დაიკავებენ ერთსა და იმავე ადგილს, ხოლო სიას ნუმერაცია გაგრძელდება თითოეული ადგილისთვის თანაბარქულიანი აპლიკანტების რაოდენობის გათვალისწინებით.
4. 1; 2 და 3 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ისეთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა განხორციელების ერთადერთ შესაძლებლობად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისად განსაზღვრულია სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტის მიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში.
პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება
1. პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელიც:
ა) რეიტინგულ სიაში რიგითობის გათვალისწინებით, მოხვდა აკადემიის მიერ მოცემული პროგრამისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობაში;
ბ) წერილობით გამოხატავს ნებას პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ.
აპლიკანტის მიერ დოკუმენტების წარდგენა
- აპლიკანტის მიერ ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ (წერილობით გამოხატული ნება);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში მეურვის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
- აკადემიის დირექტორი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებით წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც ადასტურებს პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებთან აპლიკანტის შესაბამისობას;
- დადგენილ ვადებში და წესით დოკუმენტების წარუდგენლობა ან არასრულად წარდგენა შესაძლოა გახდეს აპლიკანტისათვის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.