2018 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კარიერის განვითარების სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სოციალური პასუხისმგებლობისა და პარტნიორობის ფარგლებში აკადემიის კურსდამთავრებულთა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისათვის დასაქმების ფორუმი გაიმართა. ეს რიგით მესამე დასაქმების ფორუმია, რომელიც საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ ჩაატარა.
დასაქმების ფორუმის პირველი ნაწილი გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორმა, ქალბატონმა ია ერაძემ, რომელიც შეეხო დამსაქმებლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მჭიდრო თანამშრომლობის საჭიროებას. მისი თქმით: „საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მნიშვნელოვანია, სამუშაოს მაძიებლების უკეთესი დასაქმებისათვის, კომპანიებს მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზოს.“ კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბატონმა ლევან ჯაფარიძემ ყურადღება გაამახვილა ერთობლივად ორგანიზებული ფორუმის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ სასიკეთო შედეგებზე. დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების, სერვისებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, სამუშაოს მაძიებლებს ინფორმაცია მიაწოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მარიამ ბეზარაშვილმა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დასაქმების ფორუმის მნიშვნელოვნობაზე ისაუბრა მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა მიხეილ ჭელიძემ.