დუალური მიდგომით პროგრამების განხორციელება საქართველოს განათლების სისტემაში გასულ წელს დაიწყო და დღემდე მას მხოლოდ საჯარო კოლეჯები ახორციელებდნენ. SBA პირველი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დუალური პროგრამის განხორციელებას იწყებს.
დუალური სწავლება გერმანულენოვან ქვეყნებშია გავრცელებული და დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სწავლების ფორმადაა მიჩნეული, რადგანაც ბიზნესი, როგორც კურსდამთავრებულთა პონეტციური დამსაქმებელი, პროგრამის უმეტესი ნაწილის განხორციელებაზე იღებს პასუხისმგებლობას, რაც სტუდენტთა დასაქმების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ბუღალტრული აღრიცხვის დუალურ პროგრამას ფინანსურ ოფისთან ერთად განახორციელებს, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტები თეორიას აკადემიაში ისწავლიან, ხოლო კომპანიაში პრაქტიკულ უნარებს, რეალურ გარემოში დაეუფლებიან.
პროგრამის ერთობლივად განხორციელებაზე აკადემიასა და ფინანსურ ოფისს შორის მოლაპარაკებები გასული წლის ბოლოს დაიწყო და 9 აგვისტოს ავტორიზაციის წარმატებით გავლით დასრულდა.
ბუღალტერიის მიმართულებით დუალური პროგრამა საქართველოში სხვაგან არსად ხორციელდება. პირველი მიღება ამ პროგრამაზე წელს განხორციელდება. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA და ფინანსური ოფისი მიმდინარე წელს მხოლოდ თხუთმეტი სტუდენტის მიღებას შეძლებენ.